კომპანია „დექსუსმა“ კიდევ ერთი შეჩერებული პროექტის მშენებლობა დაასრულა. ხოშარაულის ქუჩაზე წლების განმავლობაში შეჩერებული 8 სართულიანი საცხოვრებელი და სავაჭრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ 2010 წლის ოქტომბერში განაახლა.
მშენებლობის დასრულებით ახალი საცხოვრებელი ბინებითა და კომერციული ფართით ის 315 მომხმარებელი დაკმაყოფილდა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. კომპანიამ აღნიშნული ობიექტის მშენებლობაში მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
"დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის, „ცენტრ პოინტის“ ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. შემუშავდა „ცენტრ პოინტის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის თანახმად 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% დაკმაყოფილდება. „დექსუსმა“ 5 პროექტის მშენებლობა უკვე დაასრულა და 625 მომხმარებელი დააკმაყოფილა. ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს 4 ობიექტზე აწარმოებს. ყველა მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები 2011 წლის განმავლობაში დასრულდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ “დექსუსის“ მიერ დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში ახალი ბინებით დაკმაყოფილებულ მოსახლეობას შეხვდა და თბილისის მერიის პროექტის: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ახალი ეტაპის პრიორიტეტებსა და მიმდინარეობაზე ესაუბრა.
პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამშენებლო სფეროსა და მისი მომიჯნავე ბიზნეს სექტორის სტიმულირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ერთი თვეა ახალ ეტაპზე გადავიდა. ის უფრო მასშტაბურია და ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, ანუ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ. კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც თბილისის მერიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება ექნებათ გაფორმებული, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისთვის კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა.
ბინებს, რომლებსაც თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის მერიაში შექმნილი “უძრავი ქონების განვითარების ფონდი” განკარგავს და იმ თბილისელებზე გაანაწილებს, რომლებიც უკიდურესად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ და დღემდე მერია მათ ქირით აკმაყოფილებს. გამოთავისუფლებული ტერიტორიის განვითარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებთან თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას აღნიშნული დროის განმავლობაში გააფორმებს.
გიგი უგულავა: მივესალმები ამ პროექტის დასრულებას. ბუნებრივია მე ისევე, როგორც თითოეულმა თქვენთაგანმა, კარგად ვიცი, რომ კრიზისის შედეგად ძალიან ბევრ მშენებლობას შეექმნა პრობლემები. ბევრი კომპანია გაკოტრების პირას მივიდა, მშენებლობები შეჩერდა, ნაწილი კი საერთოდ უპერსპექტივო აღმოჩნდა. თუ ვისაუბრებთ კრიზისზე, ბუნებრივია ნებისმიერ კრიზისს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, ისევე როგორც, საბოლოო ჯამში არ არსებობს სიტუაცია, რომლის დაძლევაც შეუძლებელია. მე მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, რომელშიც ვგულისხმობ ეფექტურ მენეჯმენტს და მოსახლეების ძალისხმევას, რომლებიც უკვე წლებია ელოდებიან საკუთარი ბინების დასრულებას, ჩვენ შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდეს და თითოეულმა მოსახლემ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის, ანუ შევიდეს და იცხოვროს სახლში ნორმალურად.
მე უფრო ფართოდ შევეცდები აგიხსნათ ჩვენი პროგრამის: "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ახალი ეტაპის მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ ეს პროგრამა საბოლოო ჯამში თითოეულ თბილისელს ეხება. ის არის ძალიან მარტივი და არ გულისხმობს რაიმე რთულ ფორმულებს, კონკურსებს კომპანიებს შორის. ჩვენ ნებისმიერ მშენებელს, რომელსაც აქვს უკვე დაწყებული, ან სურს დაიწყოს ახალი მშენებლობა ვეუბნებით,რომ თბილისის მერია მზად არის, 400 დოლარად იყიდოს დასრულებულ შენობაში ერთი კვადრატული. ეს არის ის ფასი, რომელიც მშენებლობის თვითღირებულებასთან ახლოსაა. მაგრამ აქ აღსანიშნავია მთავარი მომენტი, თუ რატომ იღებს მერია ასეთ ვალდებულებას. ხომ შეიძლება თეორიულად, უამრავი ბინის მეპატრონე, ანუ მშენებელი მოვიდეს მერიაში და გვთხოვოს ბინების შესყიდვა, რასაც ბიუჯეტი შეიძლება ვერ გაწვდეს. თეორიულად ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით, პრაქტიკულად ეს საფრთხე არ იარსებებს და გეტყვით რატომ. დღევანდელ სამშენებლო ბაზარზე არის შემდეგი ვითარება: განსხვავებით ევროპული ბაზრისაგან, ჩვენთან მოთხოვნა ბინაზე არის, თუმცა შემცირებულია მიწოდება და ნდობა. თუ ადრე ჩვენ ბაზარზე დაუმთავრებელი ბინები იყიდებოდა, დღეს ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ სახლებში იყიდება ბინა, რომელიც დამთავრებულია, ანუ ექსპლუატაციაშია მიღებული. თუ მშენებელი დაასრულებს ბინას, მაშინ მის გაყიდვაზე პრობლემა არ შეექმნება, ვინაიდან დღესდღეისობით, როგორც უკვე ავღნიშნე, ბინების შესყიდვაზე მოთხოვნა არის. ჩვენი წინადადება ფართის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში არის ძალაში, მშენებელს კი თავისმხრივ შესაძლებლობ აქვს მყიდველის არსებობის შემთხვევაში ბინა მისთვის ხელსაყრელ ფასად გაყიდოს.დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, რადგან მშენებლობა არის ის სფერო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დღეს დასაქმებული. გარდა ამას, მშენებლობაზე არის მიბმული უამრავი სხვა სფერო, რომელიც დამატებით დასაქმების წყაროს წარმოადგენს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც ახალ ბინაში შედის, ახალ ტექნიკასა და ნივთებს ყიდულობა. ეს დამატებითი შემოსავალი და ბრუნვაა მაღაზიებისდთვის. ეს არის მთელი ინდუსტრია, რომელიც ლოკომოტივის სახითაა და მობმული ჰყავს უამრავი სხვა სფეროები. ერთი შენობის მშენებლობის გაჩერებამ შეიძლება ძალიან ბევრი სხვა მომიჯნავე სფეროს გაჩერება გამოიწვიოს. თითოეულ ახალმოსახლეს მინდა მივულოცო ამ შენობის დასრულება, რაც ოპტიმიზმს წარმოშობს სხვა მშშენობების დასრულების კუთხით. მე ძირითად ყველა მშენებელს სათითაოდ ვხვდები, მათ პრობლემებს განვიხილავ. მე ვალდებულება არც ერთი კომპანიის მიმართ არ მაქვს, ჩემთვის მთავარი ვალდებულება არის ის ხალხი, რომლებიც ამ კომპანიებში მუშაობენ, ჩემი მიზნობრივი ჯგუფია ყველა ის თბილისელი, რომელთაც ბინების მშენებლობაში თანხა აქვთ შეტანილი და მის დასრულებას ელოდებიან. ეს ერთ–ერთი წარმატებული დასასრულია იმ საფრთხისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვიდექით. ვფიქრობ, ამ სახლის მოსახლეთათვის ახალი ცხოვრება დაიწყება.